12-16 ოქტომბერს, 100-მდე სკოლაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება ჩატარდება. ტესტებს ქართულ ენასა და მათემატიკაში მე-5 და მე-7 კლასელები, ელექტრონული ფორმით დაწერენ.

პროექტი „შეფასება განვითარებისთვის“ სკოლებში მოსწავლეების ცოდნის დონის შეფასებას ისახავს მიზნად, ტესტირების შედეგს მოსწავლის წლიურ ქულაზე გავლენა არ ექნება. ტესტირებას მოსწავლეების ნაწილი სასკოლო კომპიუტერულ ლაბორატორიაში, ნაწილი კი – სახლიდან, ონლაინ გაივლის. ამ ფონზე გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე მოუწოდებს უფროსებს, რომ ბავშვების ტესტირების პროცესში არ ჩაერიონ.

„გვინდა, რომ ამ პროცესმა არ მიიღოს შეჯიბრის სახე, ამიტომ კონკრეტული ქულა არ იწერება და იქ უბრალოდ ნახავენ ბავშვს რა მიმართულებით გაუჭირდა და რა მიმართულებით -არა. შედარება შეიძლება მოხდეს კლასებს შორის, მაგრამ ამაზე ყველაზე ნაკლებად უნდა ვიყოთ ორიენტირებულნი, რომ ეს ბავშვები და მასწავლებლები ერთმანეთს შეეჯიბრონ. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაინტერესებს რა არის პრობლემა და როგორ უნდა გამოვასწოროთ. ეს თითოეულმა სკოლამ, მასწავლებელმა და მშობელმა თუ არ გაიაზრა, მარტო ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ. ბავშვი თუ ახლა სახლშია და სახლიდან გააკეთებს ტესტს, მშობელი არ უნდა დაეხმაროს მას, არც მასწავლებელი. ამ შემთხვევაში გამოვა, რომ  ტყუილად გადავყარეთ ეს რესურსი. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ დახმარებას აქ არანაირი აზრი არ აქვს, პირიქით მთელი ამ პროექტის იდეას კლავს“, – ამბობს სოფიო გორგოძე.

საჯარო სკოლებში ახალი, განმავითარებელი შეფასების სისტემის დანერგვაზე პედაგოგებს კრიტიკული მოსაზრებები აქვთ

გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი ასევე აღნიშნავს, რომ განმავითარებელი შეფასების შემთხვევაში სიახლეა ისიც, რომ ტესტი სრულად ელექტრონულ რეჟიმში პირველად ჩატარდება.

„ეს ტესტირება იქნება სრულად ელექტრონული, ესეც სიახლეა. აქამდე ჩვენ სრულად ელექტრონული ტესტირება, რომელიც საშულებას მოგვცემდა ღია დავალებებიც შეგვემოწმებინა და დახურულიც, არ გვქონდა. ეს არ იქნება მხოლოდ მოსანიშნი დავალებები, ბავშვები  თივთონაც დაწერენ. ამ ტიპის ტესტირებას პირველად გამოვცდით საქართველოში“-აცხადებს სოფიო გორგოძე.

გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, ტესტირებაში მონაწილეობის სურვილი მთელი საქართველოს მასშტაბით 300-მდე სკოლამ გამოთქვა. მათგან ამ ეტაპზე პილოტირების პროცესში 100-მდე სკოლა ჩაერთვება და საცდელ ტესტირებაში მონაწილეობას 2000-ზე მეტი მოსწავლე მიიღებს.

პროექტი „შეფასება განვითარებისთვის“ მიზნად ისახავს მეოთხე კლასელთა და მეექვსე კლასელთა მიღწევების შეფასებას ქართულსა და მათემატიკაში. პირველ ოთხ კლასში მიღწეული შედეგები მე-5 კლასის დასაწყისში შეფასდება, პირველი ექვსი კლასის მანძილზე მიღწეული წარმატებები კი – მე-7 კლასელების ტესტირების შედეგად.

განათლების უწყებაში მიაჩნიათ, რომ დიაგნოსტიკური შეფასება დაეხმარება სკოლებს შესაბამისად დაგეგმონ ახალი სასწავლო წელი. საცდელი ტესტირების შედეგები ასევე გამოყენებული იქნება ელექტრონული პლატფორმისა და ტესტირების ფორმატის დასახვეწად იმ მიზნით, რომ ის მაქსიმალურად ასახავდეს სკოლის საჭიროებებს.

ტესტირება მთლიანად ელექტრონული პროგრამით ჩატარდება: მოსწავლეები ელექტრონულად შეასრულებენ ტესტურ დავალებებს, შეფასების შედეგებს კი ასევე ელექტრონულად მიიღებენ. შეფასების შედეგები წარმოდგენილი იქნება, როგორც თითოეული მოსწავლის დონეზე, ასევე კლასის დონეზეც. მოსწავლეებს საშუალება ექნებათ სახლიდან ან სკოლის კომპიუტერული ლაბორატორიებიდან ჩაერთონ შეფასების პროცესში. თოთოეული მონაწილე სკოლიდან გამოყოფილი იქნება სპეციალური პირი, რომელიც მოსწავლეებს ტესტირების ტექნიკურ დეტალებს გააცნობს.

 

edu.aris.ge